logo
ENG



მდინარაძის თქმით, რესპუბლიკელების პოზიცია "ბავშვური თამაშია"

10 თებ 202121:52
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძის თქმით, რესპუბლიკელების პოზიცია "ბავშვური თამაშია"
ფოტო: ვახო ქარელი

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე რესპუბლიკელების თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში ერთჯერადად მონაწილეობის შესახებ, "ბავშვურ თამაშს" უწოდებს. 

"მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია", - განაცხადა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში და დასძინა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვა მწვავე გამოწვევები უფრო მნიშვნელოვანია. 

მდინარაძე აცხადებს, რომ მოქალაქეებთან გაფორმებული მემორანდუმი, რომლის სანაცვლოდაც ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ, 0-დან 3%-მდე საარჩევნო ბარიერს ითვალისწინებს, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებული მსჯელობა ღია დატოვა. 

მისი თქმით, საკითხზე კომპრომისული ვარიანტის შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბარიერის მეტად დაწევის შემოთავაზებას კონკრეტული არგუმენტები დასჭირდება. 

"დღეს თუ პარლამენტში შემოვა და 113 ხმა მოგროვდება საამისოდ, 3% ხელში უჭირავს, ჩემი აზრით აქ პრობლემა არ არის, მაგრამ, სხვა შემთხვევებში, უნდა ჩამოვიდეთ 2-ზე, 1-ზე თუ საერთოდ, უბარიერო სისტემა იყოს, ამას სჭირდება არგუმენტები", - ამბობს მდინარაძე.

2019 წელს მიღებული საარჩევნო ცვლილებების მიხედვით, ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება. იმისათვის, რომ საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწიოს ან სრულად მოიხსნას, საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტში 96 დეპუტატია, მოქალაქეებისა და პატრიოტთა ალიანსის სიით შესული ევროპელი სოციალისტების ჩათვლით. საკონსტიტუციო კვორუმის შეკრებას 17 დეპუტატის პარლამენტში შესვლა დასჭირდება.

გირჩის ლიდერები საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას სწორედ 0%-იანი ბარიერის სანაცვლოდ განიხილავენ, თუმცა დანარჩენი ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის ნაცვლად, მოლაპარაკებების მთავარ საკითხად კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას განიხილავს. 

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ჯგუფებიდან, რესპუბლიკულმა პარტიამ მზაობა განაცხადა, ინიცირების შემთხვევაში, ერთჯერადად გამოიყენონ საპარლამენტო მანდატები და მხარი დაუჭირონ ბარიერის განულების ინიციატივას. იმავე პოზიციას იზიარებს არმაზ ახვლედიანიც, რომელმაც საპარლამენტო მანდატი ევროპული საქართველოს სიით მოიპოვა.

იმ შემთხვევაში, თუ სამივე დეპუტატი კენჭისყრაში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მიიღებს, ინიციატივის არსებობის პირობებში, საარჩევნო ბარიერის განულებას კიდევ 14 ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. 


close დახურვა